Posted in

უნივერსიტეტის შესახებ

1918 წლის 8 თებერვალს (ძვ. სტილით – 26 იანვარს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს) სადღესასწაულოდ გაიხსნა ქართული უნივერსიტეტი, რამაც ეს დღე ერის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვნეს თარიღად აქცია.

ქართული უნივერსიტეტის ფუძემდებლებს კარგად ესმოდათ საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების შემოღების აუცილებლობა. უნივერსიტეტის დაარსების უპირველესი ინიციატორი – სულმნათი ივანე ჯავახიშვილი წერდა – “…ჩვენი სამშობლოს ბუნებაც, უძრავი და მოძრავი, უტყვი და მეტყველი, იმდენად საყურადღებოა მკვლევარისთვის, ადგილობრივი პირობებისა გამო, კაცის სხვადასხვა სნეულებას იმდენი ჯერ კიდევ შეუსწავლელი განსხვავებული თვისებები აქვს, რომ აქაც ჩვენ უმაღლეს სასწავლებლის მეცნიერ ბუნებისმეტყველთა და სამკურნალო ფაკულტეტს ფართო და საპატიო სამოქმედო ასპარეზი ექნება”.

სამკურნალო ფაკულტეტის დაფუძნების ფრიად აქტიური მომხრე უნივერსიტეტის პირველი რექტორი ბატონი პეტრე მელიქიშვილიც იყო. სწორედ მან ქართველ ექიმებთან ერთად ქართველ “ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების” სხდომაზე (1917 წლის 12 ოქტომბერს) გამოთქვა აზრი მომავალ უნივერსიტეტში სამკურნალო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გახსნის აუცილელობის შესახებ.

1918 წლის 27 თებერვალს უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ დაადასტურა სამკურნალო ფაკულტეტის შექმნის აუცილებლობა. 17 ივნისს იმავე საბჭომ “ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების” თავმჯდომარის სპირი­დონ ვირსალაძის თანდასწრებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახსნილიყო საბუნებისმეტყველო-სამათემატიკო და სამკურნალო ფაკულტეტი.

1930 წლის 10 ივნისს განხორციელდა თბილისის უნივერსიტეტის რეორგანიზება და დაარსდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, რაც გახდა საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და სამედიცინო მეცნიერების განვითარების ახალი მძლავრი სტიმული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *